გრძელდება პროექტ “განათლება შემწყნარებლობისათვის” საქმიანობა რეგიონებში

12 მარტს ფონდის ექსპერტები, სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრის დირექტორი, ბექა მინდიაშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი მამუკა ფაჩუაშვილი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალქალაქის რესურს ცენტრში ადგილობრივი სკოლებისა და სამეურვეო საბჭოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
საუბარი საჯარო სკოლებში ტოლერანტობის სწავლების საკითხებს შეეხო. მასწავლებელთა თქმით, ამ თემის აკადემიური სწავლება ობიექტურ საჭიროებას წარმოადგენს, თუმცა დღემდე გადაუწყვეტელ პრობლემად რჩება სასწავლო სახელმძღვანელოებისა და დამხმარე ლიტერატურის არარსებობა ეთნიკური უმცირესობების თემებზე.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ანალოგიური პრობლემები გამოითქვა ქვემო ქართლის რესურს ცენტრში გამართულ შეხვედრაზე, სადაც საუბარი ზოგადად სამოქალაქო განათლებისა და ამ ფორმატში ტოლერანტობის სწავლების შესახებ გაიმართა.
ორივე შეხვედრაზე პედაგოგები და მშობლები აღნიშნავდნენ, რომ ბოლო წლებში სახელმწიფო ენის შესწავლისადმი დამოკიდებულების რადიკალური ცვლილების ფონზე, როდესაც რეგიონის მოსახლეობა უდიდეს ინიციატივას იჩენს შეისწავლოს ქართული ენა, მნიშვნელოვანია ამ პროცესის სწორი დაგეგმვა და პრაქტიკული განხორციელება, სწორედ ამიტომ, უმცირესობების ენებზე სამოქალაქო სწავლების პროცესის წარმართვა, პედაგოგთა აზრით, უფრო გამართლებულია, რადგან ეს საფუძველს ჩაუყრის მოსწავლეთა სწორ ორიენტაციას, ზოგადად დემოკრატიული პროცესებისა და ამ პროცესებში მათი ადგილის სწორად გააზრებას.