ბავშვთა შემოქმედებითი კონკურსი “პოლიცია დღეს”

ALPE -მ ევროკავშირის მხარდაჭერით 2004 წლის ნოემბერ- დეკემბერში ჩაატარა ბავშვთა შემოქმედებითი კონკურსი თემაზე “პოლიცია დღეს.” მასში მონაწილეობა მიიღო ათასმა სკოლის მოსწავლემ საქართველოს რვა რაიონიდან. ბავშვებმა თავიანთი შეხედულებები სხვადასხვა ფორმით გამოხატეს; ზოგმა ნახატი შექმნა, ზოგმა კი თავისი მოსაზრება წერილობით ჩამოაყალიბა. 2005 წლის აპრილში მოეწყო გამოფენები თითოეული რაიონის საგამოფენო დარბაზში, სადაც წარმოდგენილი იყო კონკურსში მონაწილე ყველა ბავშვის ნახატი. ოცდახუთი გამარჯვებული ნამუშევარი განვათავსეთ 2005 წლის კალენდარში.

გორი, 3 აპრილი. გორის სამხატვრო სკოლა, თავისთავად საინტერესო არქიტექტურული ნაგებობაა, მაგრამ სამწუხაროდ გამოფენის დღეს წვიმა ისევე მოდიოდა საგამოფენო დარბაზში, როგორც გარეთ. სიცივისგან მობუზული მოსწავლეები, მასწავლებლები და განათლების განყოფილების წარმომადგენლები შეხვდნენ ფონდ ALPE-ის წარმომადგენლებს და შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის უფროსს რამაზ ჩოჩიშვილს.

ბორჯომი, 4 აპრილი. ბორჯომის გამგეობის შენობაში, ერთ-ერთი დიდი, ნათელი დარბაზი გაივსო ბავშვებით, რომლებსაც ყვავილები ეჭირათ. კედლები სავსე იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი პლაკატებით. გამოფენაზე სიტყვით გამოვიდა განათლების განყოფილების უფროსი მაია შავიშვილი.

5 აპრილი. გამოფენა ახალციხის სამხატვრო სკოლაში ჩატარდა. ღონისძიებას მოსწავლეებთან ერთად, ახალციხის განათლების განყოფილების უფროსი და სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. დარბაზში გაუსაძლისი სიცივის მიუხედავად, გამოფენა საკმაოდ თბილ ატმოსფეროში ჩატარდა.

7 აპრილი. ზუგდიდში გამოფენა მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოეწყო, გამოფენის ფორმატმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა. სასახლე აივსო საზეიმოდ გამოწყობილი ბავშვებით. ქალბატონმა ნინელი ჭითანავამ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, გამოფენაზე მოსულ სტუმრებს დაათვალიერებინა ყველა ოთახი: ერთ ოთახში შეკრებილი ბავშვები მღეროდნენ ხალხურ სიმღებს, მეორეში – ლექსებს კითხულობდნენ, მესამეში – ცეკვავდნენ, მეოთხეში – დიზაინერი ბავშვები ნამუშევრებს ქმნიდნენ. მთავარ დარბაზში, სადაც აჭარულ კოსტიუმში გამოწყობილი ბავშვები ცეკავდნენ გამოიფინა “ALPE”-ის კონკურსში მონაწილე ბავშვების ნამუშევრები, სერთიფიკატები და პრიზები ბავშვებს ადგილობრივი საპატრულო პოლიციის უფროსმა ლევან სიხარულიძემ გადასცა.

8 აპრილი. ფოთში გამოფენა V სკოლის სააქტო დარბაზში გაიმართა. სამწუხაროდ, ფოთში საპატრულო პოლიცია ჯერ არ ფუნქციონირებს, ასე რომ მოსწავლეებს არ მიეცათ საშუალება გასაუბრებოდნენ მის წარმომადგენლებს.

10 აპრილი. აჭარის რეგიონიდან კონკურსში მონაწილეობა ბათუმის, ხულოს და ქედას მოსწავლეებმა მიიღეს. ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, საპატრულო პოლიციის 4 წარმომადგენელი მოვიდა, ბავშვების მიერ დასმული კითხვებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მოსწავლეებში დიდ ინტერესს იწვევს საპატრულო პოლიციის საქმიანობა.

 

© ALPE 2007-2009